ნოდარ ხადური: ”ჯეოსელთან” დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია

”ჯეოსელთან” დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ”კვირის პალიტრის” ეკონომიკურ ჩანართთან ”ეკოპალიტრასთან” ინტერვიუში.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ”ჯეოსელის” ხელმძღვანელობისაგან არ მოუსმენია ვერსია იმის შესახებ, თითქოს კომპანიის შემოწმების მიზეზი სატელეფონო მოსმენებზე უარის თქმა გახდა.

”ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და, რაც ჩემთვის გასაკვირია, არასამთავრობო სექტორმა, მოგვიწოდეს, საჯარო გავხადოთ, რას ვამოწმებთ "ჯეოსელში". რომელიმე ქვეყანაში გინახავთ, საგამოძიებო სამსახური ასე იქცეოდეს?”- განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით, როცა საგამოძიებო სამსახური საჭიროდ მიიჩნევს შემოწმების მიზეზის განმარტებას, მაშინ გაახმაურებს თუ რატომ მოწმდება კომპანია.

”გადასახადებიდან თავის არიდების ეჭვი არსებობს და ამას ვამოწმებთ. სხვათა შორის, "ჯეოსელს" 4,7 მილიონი ლარი აქვს დარიცხული გადასახადების სახით, რომელსაც ის ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. ერთსაც გეტყვით, ცნობილი გამონათქვამია, რომ ორი რამ არის გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადები. უნდა შექმნა ისეთი ინსტიტუცია, რომ ადამიანმა გადასახადი არ დამალოს, მაგრამ ვინც დამალავს, ის უნდა დაისაჯოს,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შვედური ”თელიასონერას” ჯგუფის წევრ კომპანია ”ჯეოსელში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 13 თებერვალს შევიდა. მას შემდეგ არც კომპანიაში და არც საგამოძიებო სამსახურში არ განმარტავენ კონკრეტულად რა გახდა შემოწმების მიზეზი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ”ჯეოსელს” ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა და მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ კომპანიის წინააღმდეგ ბრალის წაყენება წინ უძღვის პარლამენტში ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებულ განხილვებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვინაიდან ფარული თვალთვალის არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ თავის დროზე კომპანია „ჯეოსელმა“ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, ფინანსური პოლიციის ქმედება, შესაძლოა, აღქმული იქნას, როგორც ბიზნესმენების გაფრთხილება, რამაც ასევე, შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.