საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია, გურიაში ჩასულმა კახელმა ვაზი მოიკითხა და გურულმა ადესა აჩვენა:
- აი, ამას ვსვამთ, მორწყვა ამას არ უნდა და მოვლა, მარა კაი ღვინო დგება.
ვაზზე ჯანშელეულმა კახელმა კი ჯერ ადესას შეხედა და, მერე გურულს და...
- ამას რომ სვამთ, სინდისი არ გაქვთ?!
სინამდვილეში გურულებს სინდისის დეფიციტი არა, მაგრამ ვაზის დეფიციტი ნამდვილად აქვთ - ორი საუკუნეა მთელ გურიაში ერთადერთი ჯიშის ვაზი - ადესა, ანუ იზაბელა ბატონობს. მართალია, ჭკვიანმა კაცმა გურიის სიმბოლო, საუკუნეების წიაღიდან მოღწეული ჩხავერიც შეინახა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. საკვირველი კი ჩანდა ვაზის სამშობლოს რომელიმე მხარის
ასეთი სიღატაკე, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. როცა ისეთი კაცი გამოჩნდა, ვინც გურიის მევენახეობის საუკუნოვან ისტორიას ჩაუღრმავდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ანდრო ვაშალომიძემ ამით არა მხოლოდ გურიას, არამედ მთელ საქართველოს გაუკეთა დიდი საქმე.
ანდრო ვაშალომიძე:
- პროფესიით ინჟინერი ვარ, ოზურგეთის აწ უკვე დანგრეულ ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი. კითხვა მიყვარს და ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი გადავშალე. მას კი ეწერა, - გურიაში ვაზის დაახლოებით 64 ჯიში ხარობდაო. ამის შემდეგ ფიქრმა აღარ მომასვენა, მთელი გურია რომ დავიარო, ნუთუ ამ ჯიშებიდან რამდენიმე მაინც არ იქნება შემორჩენილი-მეთქი? ადესა, ანუ იზაბელა, რომლითაც გურიაა ცნობილი, არომატული ღვინო კი არის, მაგრამ სინამდვილეში მცირე ღირებულებისაა ხარისხითაც და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც. ღმერთმა ქართული ჯიშები ალბათ, იმიტომაც გაიმეტა, რომ ასე იყო საჭირო და უცხოეთიდან ნაუცბადევად შემოტანილი ჰიბრიდი მათ ვერასოდეს ჩაანაცვლებს. წარმოუდგენელი იყო, გურიაში ყველა გონიერი გლეხი გამწყდარიყო, რომელიც ძველ ვაზს არ შეინახავდა და სწორედ ამის იმედად გადავდგი პირველი ნაბიჯი - პირველად იმ სოფელში წავედი ძველი ვაზის საძებნელად, რომელსაც ვაზისუბანი ჰქვია, იქ ვაზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მოხუცი ცოლ-ქმარი მიმასწავლეს, რომელიღაც ძველი ჯიში აქვთ და განახებენო. ასე მივაგენი გურიაში იქნებ უკანასკნელ ძირ საკმიელას. უკვე ხმებოდა, ხურმის ხეებზე იყო გასული და სულს ღაფავდა. კალმები ავაჭერი და ოზურგეთში წამოვიღე, ჩემს სახლში, სოფელ შემოქმედში...
- ლამაზი სახელის ვაზი გიპოვიათ, საკმეველს მაგონებს...
- ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც საკმეველივით ღვთიურად მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო აქვს... მოსავალსაც დიდს იძლევა. ერთადერთი რიგი მაქვს გაშენებული მაღლარზე და 170 ლიტრ ღვინოს ვწურავ. სახელის სილამაზეზე თუ ვიმსჯელებთ, კლარჯულიც ლამაზი და ძარღვიანი სახელია, ეს ჯიში გურულებს კლარჯეთიდან ჰქონდათ შემოტანილი და მასში ჩვენი უძველესი დაკარგული მიწის მადლია. კლარჯული რომ ვიპოვე და გავამრავლე, ამის შემდეგ ისევ ჩოხატაურში, ბუკისციხეში სახლთუბანისა და ჯანის უძველეს ჯიშებს მივაგენი. შემიძლია ვთქვა და არ შემრცხვეს, რომ ჯანი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში, რომლის შესახებ წერილობითი წყაროებია შემონახული. ღვინო მასაც მსუბუქი და მოსალხენად საუკეთესო აქვს. იხილეთ გაგრძელება