რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია Vimpelcom საქართველოში კუთვნილ ანძებს ყიდის.
ბრიტანული გამოცემა TMT Finance-ის ინფორმაციით, ევრაზიაში განთავსებული ანძების ყიდვის თაობაზე არასავალდებულო შეთავაზებების მიღებას კომპანია 13 მარტისთვის გეგმავს.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, საქმე ეხება აქტივებს ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სომხეთში. საერთო ჯამში, გასაყიდად გამოტანილია 12 ათასი ანძა. დაზუსტებულია, რომ Vimpelcom-ისთვის სასურველია ოთხივე აქტივის ერთი მყიდველისთვის მიყიდვა.
TMT Finance-ის ინფორმაციით, ანძების გაყიდვის პროცესი ევრაზიაში უკვე რამდენიმე თვე გრძელდება, საინვესტიციო მემორანდუმი პრეტენდენტებს იანვარში დაუგზავნეს. პოტენციურ მყიდველებს შორის არიან ინვესტორები ევრაზიიდან, ასევე სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორები ევროპიდან და აზიიდან.
Vimpelcom სატელეკომუნიკაციო მომსახურების გლობალური პროვაიდერია, რომელიც „ბილაინს“, „კიევსტარს“ და რამდენიმე ათეულ კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.