საგარეჯოს რაიონში მეფრინველეობის საწარმო ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, საგარეჯოს რაიონში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ამოქმედდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

„შპს ახალი ქართული პროდუქტი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ახალი ქართული პროდუქტის“ მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8000-დან 10 000-მდე კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებულია, პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2016 წელს გაიხსნა. კომპანია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 70 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

„2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.