კობა გვენეტაძე - 2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ჯიხური გაუქმდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რეჟისორ გიორგი ოვაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის მიერ დადგენილ კურსზე წერდა.

"ბიზნესპრესნიუსი" კობა გვენეტაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით რომ გაგვიზიარეთ გამოცდილება (სამწუხაროდ, არასასიამოვნო) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. როდესაც გასულ ზაფხულს, შუაგულ ბათუმში, შუაგული ტურისტული სეზონის პერიოდში, თავად წავაწყდი არაერთ მსგავს შემთხვევას, სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საქმიანობის მარეგულირებელი წესების გადახედვის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ოპონენტებიც გამოუჩნდნენ და ზედმეტი რეგულაციების შემოღების გამო არაერთხელ გაგვაკრიტიკეს.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს დავუწესეთ სავალდებულო მოთხოვნები. დეტალებით არ გადაგღლით, მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ: პუნქტები ვალდებულნი არიან მკაცრად დადგენილი სტანდარტის მიხედვით განათავსონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფა. ასევე, მომხმარებელს მკაფიოდ და სრულად აუხსნან ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის და მომსახურების საკომისიოს შესახებ და გადასცენ ოპერაციის ამსახველი დოკუმენტი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო 2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ჯიხური გაუქმდა და მონიტორინგის პროცესიც მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, დღესდღეობით საქართველოში 1,000-ზე მეტი გადამცვლელი პუნქტია რეგისტრიტებული და ყოველდღიურად თითოეულის მონიტორინგი შეუძლებელია.

ჩვენ, ერთის მხრივ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მოხმარებელთა უფლებების დასაცავად, თუმცა, მეორეს მხრივ, ვფრთხილობთ კიდეც, რათა ზედმეტად მკაცრი პირობებით არ გავაჩინოთ ამ სფეროს შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკი, რაც, დამეთანხმებით, კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას იმავე ტურისტების თვალში. თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ ყვავის ცენტრალური აზიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ასეთი შავი ბაზარი, რაც მეტად არასასიამოვნო სანახავია.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთხოვო მოსახლეობას, ნუ დაიზარებენ, გადაუღონ სურათი ასეთ დარღვევებს და გადამცვლელი ჯიხურის მისამართთან ერთად გამოგვიგზავნონ შემდეგ იმეილზე cp@nbg.gov.ge

კიდევ ერთელ მადლობა თქვენი პოსტისთვის. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, კინოს შესახებ გვესაუბრა, მითუმეტეს, რომ მოუთმენლად ველი თქვენი ახალი ფილმის, „ხიბულას“ ეკრანებზე გამოსვლას.

პატივისცემით,

კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი