რუსეთი აზერბაიჯანს ნავთობს 20%-იანი ფასდაკლებით გადაუზიდავს

რუსეთმა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია ”სოკარს” ნავთობის გადაზიდვებზე სატრანზიტო მოსაკრებელი 20%-ით შეუმცირა.

შეთანხმების მიხედვით, რომელსაც აზერბაიჯანულმა მხარემ კომპანია ”ტრანსნეფტთან” მიაღწია, ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით აზერბაიჯანი ერთი ტონა საწვავის ტრანსპორტირებაზე 559 რუბლის მაგივრად, 453,95 რუბლს გადაიხდის.

ადრე ”ტრანსნეფტი” ”სოკარს” ტარიფის დივერსიფიცირებას სთავაზობდა. კერძოდ, მოსაკრებლის მოცულობა 1,5 მილიონი ტონის გატარებაზე 720 რუბლი უნდა ყოფილიყო, 1,8 მილიონი ტონიდან - 700 რუბლი, ხოლო 5 მილიონი ტონიდან - 400 რუბლი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ”სოკარი” ირწმუნება, რომ რუსეთის გავლით წელიწადში მაინც მხოლოდ 1- 1,5 მილიონი ტონა ნავთობს გადაზიდავს, ტარიფი კი მინიმალური მიიღო.

”ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით საწვავის გადაზიდვა აზერბაიჯანის ინტერესებს შეესაბამება და მიწოდების მარშტრუტების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა.

მისი თქმით, ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ”სოკარის” და ქვეყანაში მოქმედი სხვა კომპანიების მიერ მოპოვებული საწვავი გადაიზიდება. რაც შეეხება ძირითად მარშრუტებს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა” და ”ბაქო -სუფსას” მილსადენებს, ისინი აზერი-ჩირაგ-გიუნეშის ნავთობსაბადოდან მოპოვებული ნედლეულით შეივსება.

”რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს შეეძლო, ამ მარშრუტის გარეშეც ეარსება, მაგრამ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ეს აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს, პირდაპირი გასასვლელი ჰქონდეს შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, გარდა ამისა, სათადარიგო გზის არსებობა აუცილებელია. ეს კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში, როცა ომის გამო საქართველოში ორივე მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეჩერდა და აზერბაიჯანმა ბაქო-ნოვორისიისკის მარშრუტით ისარგებლა”, - განაცხადა ნავთობის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ილხამ შაბანმა.

აღსანიშნავია, რომ სოკარი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის ოპერატორად 2008 წლიდან ირიცხება. შარშან მეზობელ ქვეყანაში ჩრდილოეთ ნავთობსადენით 1,75 მილიონი ტონა ნავთობი გადაზიდა, ანუ 15%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, მისი მეშვეობით ”სოკარმა გასული წლის განმავლობაში 29,7 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელა.