ქართული კერამიკის ხელნაკეთი ჭურჭელი ექსპორტზე ლონდონსა და მოსკოვში გავიდა. ახალგაზრდა კერამიკოსებმა ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა Ceramic Studio 1300 2015 წლის აპრილში დააფუძნეს. მას შემდეგ გოგონების სტარტაპი დინამიურად ვითარდება. რამდენიმე თვის წინ ირინამ და ტასომ სახელოსნოსთან ერთად მაღაზიაც გახსნეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ Ceramic Studio 1300-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირინა ჯიბუტს ესაუბრა.
პირველ რიგში გვითხარით, რას სთავაზობს Ceramic Studio 1300 მომხმარებლებს?
კერამიკისგან ჭურჭელს, სახლის აქსესუარებს, გამოყენებითი ნივთებს სანათებსა და არტობიექტებს ვამზადებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ნაწარმი ხელნაკეთია. ნამუშევრები ქარხნული დამუშავების გარეშე იქმნება, რაც მათ განსაკუთრებულად გამორჩეულს ხდის. სტუდიაში გვყავს მოსწავლეებიც. ძირითადად სამოყვარულო დონეზე ვასწავლით თიხასთან მუშაობას. პერიოდულად კი სხვადასხვა ტექნიკაზე მასტერკლასებსაც ვატარებთ.
რამდენად მოთხოვნადია ადგილობრივ ბაზარზე ხელნაკეთი კერამიკული ჭურჭელი?
მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე ცნობადობაც. განსაკუთრებით მოთხოვნადია ჭურჭელი. ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობთ. საქართველოში თიხა მხოლოდ ქოთანთან და დოქთან ასოცირდებოდა. მომხმარებლები დღესაც გაოცებულები რჩებიან და უჭირთ წარმოიდგინონ, რომ ეს ნამუშევრები თიხისგან იქმნება. ჩვენი მიზანია, მივიწყებული დარგის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ვცდილობთ, ლოიალური ფასები გვქონდეს. გააჩნია ნაკეთობის სირთულეს და მასალას, რისგანაც ის მზადდება. თუმცა გვაქვს ოქროთი მოჭიქული ნივთებიც, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია.
რა მასალას იყენებთ ნაკეთობების შესაქმნელად და როგორ ხდება მისი დამუშავება?
ძირითადი მასალა, რაზეც ვმუშაობთ, თეთრი და წითელი თიხაა, ასევე ვიყენებთ ფაიფურს, საღებავებსა და ჭიქურს. წითელი თიხა, რა თქმა უნდა, ადგილობრივია. რაც შეეხება სხვა მასალებს, ძირითადად თურქეთიდან ჩამოგვაქვს. თიხას, რომელიც ჩვენთან, ბუნებაში ჭარბად მოიპოვება, სჭირდება გადამუშავება. თუმცა, საქართველოში ეს შეუძლებელია. არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომ მისი დამუშავება კუსტარულად, ხელით ხდება. ეს კი საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. საბოლოო შედეგის მიღწევამდე ზოგჯერ ერთი კვირა გადის. საჭიროა ნამუშევრის გაშრობა, დამუშავება, მოხატვა, გამოწვა. მუშაობის დროს მუდმივად ჩართული უნდა იყო, თვალის დევნება აუცილებელია. თიხა ძალიან იოლად სკდება და იბზარება.
რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სტარტაპისთვის?
ბიზნესის დაწყებას, რა თქმა უნდა, ახლავს სირთულეები. განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. ამიტომაც, სტარტაპისთვის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, ფინანსური თუ არაფინანსური, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ახალგაზრდა, იდეებით სავსე და მოტივირებული ხარ, აუცილებლად უნდა გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ვფიქრობ, კარგი მაგალითების მიცემა ახალგაზრდებს მეტ მოტივაციას მისცემთ და თავდაჯერებულობას შემატებთ. ჩვენ შევძელით ჩვენი იდეის განხორციელება. ამას მოახერხებს ყველა, ვინც მოინდომებს და ძალისხმევას არ დაიშურებს. მთავარია, წარმატებული მაგალითების შესახებ მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.Ceramic studio 1300-ის სამომავლო გეგმები როგორია?
ეს მივიწყებული დარგი, მცირე ადამიანური რესურსითა და დიდი გამოწვევებით ჩვენთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო ნამდვილად არ არის. პროფესიით კერამიკოსები ვართ და გვინდა, რომ ეს სფერო საქართველოში ისევ საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
ამჟამად ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად კერამიკის ფესტივალის მოწყობას ვგეგმავთ. გვინდა ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური გამოვიდეს. კერამიკის ფესტივალი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება, რაზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ.
Ceramic studio 1300-ის, ასევე სხვა სტარტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის პროგრამის, სტარტაპერის ვებგვერდზე, www.startuperi.ge
#სტარტაპერიიხილეთ ფოტოგალერეაქრისტინე გამთენაძე
ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი