უკრაინას ფინანსური კრიზისის დასაძლევად 35 მლრდ დოლარი სჭირდება

უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და ნაციონალურმა ბანკმა 2014-2015 წლებში ქვეყნისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების ოდენობა 35 მლრდ დოლარით განსაზღვრეს.

ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იური კოლობოვმა განაცხადა.

როგორც კოლობოვმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პოლონეთსა და აშშ-ს შესთავაზა, რომ უკრაინას უახლოესი 2 კვირის განმავლობაში კრედიტი გამოუყონ. გარდა ამისა, არსებობს შეთავაზება, რომ კიევში საერთაშორისო დონორთა კონფერენცია ჩატარდეს ევროკავშირის, აშშ-ს, საერთაშორისოს სავალუტო ფონდისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით.

კოლობოვის თქმით, უკრაინის ფინანსური მდგომარეობა მძიმე თუმცა კონტროლირებადია.

კიევისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად მზადყოფნა გამოთქვეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლეგარდმა. ოსბორნმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის პროგრამების საშუალებით ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა ამ დახმარების სავარაუდო თანხა არ დაუსახელებია.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინას 20 მლრდ ევრო გამოუყოს რეფორმების გასატარებლად მას შემდეგ, რაც კიევს ახალი ხელისუფლება ეყოლება.

ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ორი მიმართულებით მუშაობენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პაკეტზე და აშშ-ევროპის გაერთიანებულ დახმარებაზე.

თეთრი სახლის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გამოცემას განუცხადა, რომ დახმხარება უკრაინისთვის იქნება იმდენი, რამდენიც ქვეყანას სჭირდება ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დახმარების ოდენობამ შესაძლოა გადააჭარბოს რუსეთის მიერ ქვეყნისათვის შეთავაზებულ 15 მილიარდ აშშ დოლარს.

თუმცა, იმისთვის, რომ უკრაინამ ორივე დახმარება მიიღოს, აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყნის გარდამავალი მთავრობა ფლობდეს ძალაუფლებას.

რუსეთმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, კიევისთვის 15 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ თანხმობა განაცხადა. თანხას კიევი ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე, უკრაინის მიერ გამოშვებული ობლიგაციების რუსული მხარის მხრიდან შეძენის გზით იღებდა. პირველი სამ მილიარდ დოლარიანი ტრანში გასული წლის ბოლოს განხორციელდა. 21 თებერვალს კი მოსკოვმა უკრაინის დაკრედიტება შეწყვიტა ”ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილურებამდე”.

უკრაინაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა თან ერთვის პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მაშინ აწ უკვე ძებნაში მყოფმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, რასაც კიევში აქციები მოყვა. თებერვლის ბოლოს შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა. შედეგად იანუკოვიჩი დათმობაზე წავიდა და უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას მოელიან.