ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტის წყაროს წყალზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა.
სააგენტოს ცნობით, აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილე მაია ზავრაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, იმ შემთხვევაში თუ ვინმე კვლავ გამოხატავს აღნიშნულ წყაროს ლიცენზიის მოპოვებაზე სურვილს და სააგენტოს განცხადებით მიმართავს, საკითხის ხელახლა შესწავლა მოხდება.
გამოცხადებული აუქციონის თანახმად, მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის ვადად 25 წელი, აუქციონის საწყის ფასად კი 10 065 ლარი იყო მითითებული.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, წყალზე ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით, მათ ფიზიკურმა პირმა გასულ წელს მიმართა. ქართველი ინვესტორი იქ ჩამოსასხმელი ქარხნის აშენებას და ადგილობრივების დასაქმებას გეგმავდა.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე აუქციონის გამოცხადებას სოფლის მოსახლეობა აპროტესტებდა და აქციებითაც კი იმუქრებოდა. მათივე ცნობით, წყაროს წყალს სასმელად არა მარტო აჩხოტის, არამედ სოფელ არშას მოსახლეობაც იყენებს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, ზურაბ ზილინაშვილის თქმით, აჩხოტში დაახლოებით 400, სოფელ არშაში კი 500 მოსახლე ცხოვრობს.