ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა არ დასტურდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებსაც დაიწყებდა.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. კომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს,“ - გვითხრეს აეროპორტების გაერთიანებაში.
Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა. Ryanair-ის კომერციული დირექტორი დეივიდ ობრაიანი საქართველოშიც ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო შეხვედრაზე ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილა.
ავიაკომპანია Ryanair 1984 წელს დაარსდა, ოპერირება კი 1985 წლიდან დაიწყო. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ 90 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას 72 ბაზა აქვს და 191 აეროპორტში ოპერირებს.