ახალი ქართული ნატურალური ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული წვენი „ჩერო“ ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება.
პროდუქტის წარმოებას კომპანია „ზედაზენი“ გეგმავს.
პროექტის პრეზენტაცია ხვალ 14:00 სთ-ზე, სოფელ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში გაიმართება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეპტიკური ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
რაც შეეხება წარმადობას, პირველი ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მილიონი ლიტრის წარმოება მოხდება. თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს.
პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კი „ზედაზენი“ საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
წვენების წარმოება საგურამოში, „ზედაზენის" ქარხანაში მოხდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს. შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონი ლარის გადახდა მოხდება.
სს "ქართული ლუდის კომპანია" 2011 წელს დაარსდა. კომპანია ლუდს, ლიმონათს და რამდენიმე უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს.