„მოსკოვიდან სოჭში - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში ჩაფრენას დაახლოებით ორსაათნახევარი სჭირდება. რუსეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე სოჭი თავისი 350 ათასი მცხოვრებით, შავიზღვისპირეთის [„კავკასიის რივიერის“] ყველაზე პოპულარულ კურორტს წარმოადგენს. აქ დაიწერა ივანე ბუნინის, ბორის პასტერნაკისა და ისააკ ბაბელის რომანები... ილუმინატორში კავკასიის მთები გამოჩნდა, ე.ი. მალე სოჭის [ადლერის] აეროპორტში დავფრინდებით. თვითმფრინავმა შავ ზღვაზე ნახევარწრე გააკეთა და დავეშვით. აეროპორტი თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს, მოდერნიზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ტერმინალის იქით ტაქსისტები დგანან, რომლებიც მზად არიან მგზავრებისთვის ნახტომი გააკეთონ, თუმცა აფხაზეთამდე მაინცდამაინც შორი მანძილი არ არის, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი, ზღვის ნაპირით“, - წერს ბრიტანული Financial Times-ის შტატგარეშე კორესპონდენტი სოფი როილი, რომელიც აფხაზეთში სულ ბოლოს 2014 წელს იყო ჩასული და ახლაც რუსეთის მეზობელი სეპარატისტული რეგიონისაკენ მიემართება.
„მკაცრსახიან რუს მესაზღვრეს ჩემი პასპორტი სადღაც მიაქვს, ამოწმებს და ნახევარი საათის შემდეგ მიბრუნებს. საზღვრის აფხაზური მხარე უფრო იოლად გადასასვლელია - ჯარისკაცი ყველაფერს სწრაფად აკეთებს. და აი, აფხაზი ძაღლები ყეფით მესალმებიან - ისინი, როგორც წესი, აფხაზეთის პირველი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სტუმრებს ხვდებიან“, - იუმორისტულად აღნიშნავს ავტორი და შემდეგ უკვე სერიოზულად წერს: „სუბტროპიკული აფხაზეთის შავიზღვისპირა გზაზე სუსტნერვებიანი ადამიანისთვის მგზავრობა ძნელია - ხშირად გადად-გადმოდიან ძროხები და ცხენები, საქონელი შუაგზაზეც წევს... მაგრამ სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები არ ჩანს. მოკლედ, როგორც გინდა, ისეთი სიჩქარით იარე. საერთოდ კი, ნორმალურად სოხუმამდე ორი საათის სავალია.
აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი ჰაერშია გამოკიდებული ჯერ კიდევ 1992-1993 წლების ომიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ამ რესპუბლიკამ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა მოისურვა. ამჟამად აფხაზეთის სუვერენიტეტი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელას და ნიკარაგუას აქვს აღიარებული, პლუს წყნარ ოკეანეში ჩაკარგული მიკრონეზიის ნამცეცა კუნძულოვანი სახელმწიფო ნაურუ. საქართველო აფხაზეთის ფლობაზე პრეტენზიებს აგრძელებს.
აფხაზეთში დრო გაჩერებულია. უცებ რომ აქ აღმოჩნდე, ვერც გაიგებ, რომელ ეპოქაში ხარ. გზის პირას ერთმანეთს ცვლის წითელვარსკვლავიანი საბჭოური არქიტექტურის შენობები და ძველი ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრეები.
ფლორა და ფაუნა 1990-იანი წლებიდან ხელუხლებელია და რადგანაც აქაური კლიმატი სუბტროპიკულია, მცენარეები სწრაფად იზრდებიან, ერთმანეთში არიან გადახვეულნი. შიგადაშიგ, საცხოვრებელ სახლებთან, მცირე ვენახებიც არის გაშენებული. ზოგჯერ ვაზების მწკრივი ბუნებრივი ღობის როლსაც ასრულებს, თუმცა მისგან მოსახლეობა უფრო მეტად სხვა სარგებელს ღებულობს.
აფხაზეთი მსოფლიოში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონს წარმოადგენს. აქ თიხის დიდი ჭურჭლებია აღმოჩენილი, რომელთა ფსკერზე ყურძნის სამიათასწლოვანი წიპწა ეყარა. ტრადიციულად, აფხაზები ღვინოს სამკურნალოდ და სხვა უძველესი წარმართული რიტუალების შესასრულებლად იყენებენ. დღეს ადგილობრივ ვენახებში გაშენებული ვაზისაგან მოწეული ყურძნით წითელ და თეთრ ღვინოებს ამზადებენ, აგრეთვე „ჭაჭას“, რომელიც ძალიან მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელს წარმოადგენს. ყველაფერი ეს მოსახლეობის შემოსავლების საფუძველია იმ რეგიონში, სადაც უმუშევრობა სუფევს. შინაური წითელი ნახევრადტკბილი და თეთრი მშრალი ღვინოები გზისპირას იყიდება, სასმელი წყლისა და „კოკა-კოლას“ პლასტმასის ბოთლებით.
„აფხაზეთის ღვინისა და წყლების კომპანია“ რეგიონში ღვინის ერთადერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას რუსეთის ბაზარზე ჰყიდის, დაახლოებით ათი სახეობის ღვინოს, ბოთლს 320 რუბლად. კომპანიის ყოველწლიური ექსპორტი 8,5 მილიონ ბოთლს შეადგენს.