მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ახალი აქციზური განაკვეთით ჯერ არ განბაჟებულა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში აცნობეს. საუბარია, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 11 მარტის პერიოდზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 იანვრიდან განსაზღვრული აქციზის ახალი განაკვეთით ის მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები დაიბეგრება, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2017 წლის 31 მარტის შემდეგ შემოვა.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი გასამმაგდა.
ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება ის ავტომობილი, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2017 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა შემოვიდა; ან ის ავტომობილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე იქნა შემოტანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი იზრდებოდა, 2015 წელს კი მთელი იმპორტის 39,7% შეადგინა. უწყების ცნობითვე, ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპორტი იაპონიიდან სტაბილურად იზრდებოდა და 2015 წელს მთელი იმპორტის 47% შეადგინა.