კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი დღეს, სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია” ტარდება. კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც პროექტის - „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კონგრესის მიზანია, კავკასიის რეგიონის მწარმოებლების შეხვედრა და ინფორმაციის გაცვლა.
”კონგრესის მიზანია, ამ რეგიონის მწარმოებლების შეხვედრა და იმ პლატფორმის გაჩენა, რომელიც საშუალებას მისცემს რძის მწარმოებლებს, რძის სექტორით დაინტერესებულ პირებს, რომ ერთმანეთთან გაცვალონ ინფორმაცია, გაუზიარონ გამოცდილება, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ტენდენციებზე, ასევე, ტექნოლოგიების გაცვლის საშუალება ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესში მონაწილეობს 250 წარმომადგენელი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები.
FAO-ს სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის სპეციალისტმა, ანდრიი იარმაკმა განმარტა, რომ კონგრესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ცოდნის გადაცემა.
”ამ კონგრესის მიზანია, გადავცეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების დარგში, მათ შორის გადამამუშავებელ საწარმოებში ინვესტირებას, რაც შეიძლება ძალიან დიდი მოგების მომტანი გახდეს”, - განაცხადა ანდრიი იარმაკმა.
EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ასოცირებული დირექტორის, ვიქტორია ზინჩუკის თქმით, რძის პროდუქტების კომერციულმა წარმოებამ საქართველოში თვალშისაცემი პროგრესი განიცადა და ზოგიერთმა მეწარმემ თავისი გამოსავალი წელიწადზე ნაკლებ დროში 20%- ით გაზარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, EBRD და FAO დიდი ხანია მხარს უჭერენ ქვეყანაში რძის პროდუქტების კომერციულ მწარმოებლებს უკეთესი ხარისხისა და უვნებელი რძის წარმოებაში, რასაც არა მხოლოდ მომხმარებლისთვის მოაქვს სარგებელი, არამედ ინვესტორების თვალში მიმზიდველობას აუმჯობესებს.