ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საგადასახადო კლიმატის გაუმჯობესების და ასევე, ბიზნესის დეკრიმინალიზაციის მიზნით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებს სთავაზობს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ მიერ მომზადებულ პროექტებში ასახულია სიახლეები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველს წინასაარჩევნო დაპირების სახით წარუდგინა.
ერთ-ერთი ინიციატივით, იზრდება ზღვარი იმ საგადასახადო დარღვევისა, რომლის გამოც ბიზნესსუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება - “ნაციონალური მოძრაობის“ პროექტით, ამჟამად არსებული 50 ათასი ლარი 500 ათას ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ მიკრობიზნესის არეალის გაფართოების ინიციატივით გამოდის, როცა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მეტ ბიზნესსფეროზე გავრცელდება.
კიდევ ერთი ინიციატივა, დღგ-ს გადასახადს შეეხება, როცა გადასახადის გადამხდელი დღგ-ს 200 ათას ლარიანი ბრუნვის შემთხვევაში გადაიხდის.
გოცირიძის შეფასებით, მათ მიერ მომზადებული პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკაში მეტი ფულის მობილიზებას და გაზრდის სამუშაო ადგილებს.
ამ მიმართულებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ სხვა კანონპროექტების ინიცირებასაც გეგმავს.