დოლარი და მასთან ერთად, მთელი საფინანსო ბაზარი მოთმინებით ელის ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) გადაწყვეტილებას, დოლარის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით.
ამ მოლოდინის ფონზე კი სავალუტო ბაზარზე მოძრაობა მინიმუმზეა დაყვანილი, რადგან ინვესტორები არ ჩქარობენ რომელიმე მიმართულებით ბაზარზე შესვლას.
FOMC-ის სხდომა დღეს იწყება და ხვალ გამოცხადდება, მისი წევრები დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდას მისცემენ ხმას (რაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი), თუ ყველაფერს უცვლელად დატოვებენ. დოლარი დღეს მხოლოდ ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებაში გამყარდა, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის პროცედურასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების ნებართვა მისცა. უკვე ცნობილია ისიც, რომ ეს მოლაპარაკება მარტის ბოლო კვირაში დაიწყება.
ამერიკული ვალუტა ასევე გამყარდა ავსტრალიურ დოლართან მიმართებაში, რისი მიზეზიც გახდა ავსტრალიაში თებერვალში ბიზნესის ნდობის კოეფიციენტის კლება და ჩინეთის (ავსტრალიისთვის ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია) ეკონომიკის არაერთგვაროვანმა მაჩვენებლებმა. კერძოდ, ჩინეთის ბაზარზე საცალო გაყიდვების მაჩვენებელი მოსალოდნელზე ნაკლები იყო, რაც 2003 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სამაგიეროდ, სამრეწველო წარმოების მოცულობა და ძირითად კაპიტალში ინვესტიციები გაიზარდა.
FOMC-ის გადაწყვეტილება და კომიტეტის ეკონომიკური პროგნოზები ხვალ, თბილისის დროით 22:00-ზე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი FOMC-ის პრესკონფერენცია გაიმართება.