„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე სიმბოლურად ბორკილები დაიდეს

„ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მთავრობის კანცელარიასთან სიმბოლურად, ბორკილები დაიდეს და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს.

აქციას “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შეუერთდა, რომელმაც „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ სცნონ დაზარალებულად, თვე-ნახევარია, არ კმაყოფილდება. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ფაქტი, 20-ლარიანი ტელეფონის ქურდობის შემთხვევაშიც კი, ადამიანი დაზარალებულად არ ეცნოთ. შუშის სასახლიდან მთავარ პროკურატურაში სანამ არ დაირეკება, რომ დაზარალებულად ცნონ ეს ხალხიო, იქამდე პროკურატურამ არ უნდა იცოდეს, რომ ადამიანს, როცა ზარალი მიადგება, დაზარალებულად უნდა ცნონ?! ამით ხელისუფლება ამბობს, მე ჩავიდინე რაც მოხდა და მე ხომ არ დავიდანაშაულებ თავსო. დღეს ადამიანები დადგნენ აქ, დაიდეს ბორკილები, იმიტომ რომ ხელისუფლებამ მათ ბორკილი დაადო და სხვა გზა არ დაუტოვა. ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი პრობლემები, ამიტომ აქცია გაგრძელდება, სახლში წასვლას არავინ აპირებს. პარასკევს გვექნება აქციები მეტროებთან, დავარიგებთ მოწოდებებს და დაიგეგმა ძალიან დიდი აქცია“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

„ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.