აგროდაზღვევის პროექტი მიმდინარე წლის აპრილიდან განახლდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2017 წლის ბიუჯეტში აგროდაზღვევის პროგრამა გათვალისწინებულია და მთავრობა პროგრამასთან დაკავშირებით ახალ დადგენილებას მარტში მიიღებს.
"აგროდაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ გაიზრდება დაფარვის მასშტაბები. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, აგროდაზღვევაში მონაწილეობა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.
საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. აგროდაზღვევის პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
ქრისტინე გამთენაძე