აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2005 წელს, როდესაც Trump Organization-ის ხელმძღვანელი იყო, გადასახადების სახით 38 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა 150 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალზე. აღნიშნული მონაცემები სააგენტო Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით მოიყვანა.
აშშ-ის ადმინისტრაციამ აღნიშნული მონაცემები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ტელეკომპანია MSNBC-ის წამყვანმა რეიჩელ მედოუმ „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა, რომ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციას ფლობს 2005 წლის პერიოდისთვის და მის გამოქვეყნებას აპირებს.
თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნება არაკანონიერად შეაფასა.
„როდესაც თქვენ ასე საშინლად გსურთ რეიტინგების მიღება, მზად ხართ კანონი დაარღვიოთ და ათი წლის წინანდელი საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროოთ. აბსოლუტურად უკანონოა საგადასახადო დეკლარაციის მოპარვა და გამოქვეყნება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრმა სახლმა ასევე დააზუსტა, რომ დონალდ ტრამპმა იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე კანონით მოეთხოვებოდა.