გასულ თვეში საწვავის იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 72,2 ათასი ტონა შეადგინა. მათ შორის, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 36,1 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%; A-98 სუპერი მარკის ბენზინი - თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%) რუსეთიდან განხორციელდა; რუმინეთიდან - 19,1 ათასი ტონა (26,5%); ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (19,1%); აზერბაიჯანიდან - 12,6 ათასი ტონა (17,5%); თურქმენეთიდან - 3,0 ათასი ტონა (4,1%); საბერძნეთიდან - 1,6 ათასი ტონა (2,2%); კვიპროსიდან - 1,3 ათასი ტონა (1,8%).
რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, 2017 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 69,6 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0,1 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 3,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, 0,1 ათასი ტონით ანუ 2,7%-ით მეტია.
1-ელი იანვრიდან ნავთობპროდუქტების აქციზის გადასახადი გაიზარდა. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასული წლის იანვართან შედარებით, 2017 წლის იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 9 მილიონი დოლარით შემცირდა.