ლარის სასურველ სიმბოლოს მოსახლეობა ხმას ინტერნეტით მისცემს

ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში ეროვნული ბანკის, პარლამენტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები შედიან, კონკურსში წარმოდგენილი 231 ნიმუშიდან 5 საუკეთესო შეარჩია. საბოლოო გამარჯვებული ნიმუშის გამოვლენამდე კომისიამ გადაწყვიტა შერჩევის პროცესში დაინტერესებული საზოგადოებაც ჩაერთო.

ეროვნული ბანკმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე www.nbg.gov.ge/vote გამოკითხვის ჩატარება დაიწყო, სადაც მონაწილეობა ყველა ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია. მსურველმა მისთვის სასურველი ერთი სიმბოლო უნდა მონიშნოს და ხმა მისცეს.

”ინტერნეტ გამოკითხვას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და ლარის სიმბოლოს შესარჩევ კომისიას გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენაში დაეხმარება”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი ქვეყნის მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა 2013 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა. ხმის მიცემა კი დღეს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება.

”ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ლარის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად, დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე”, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.