„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მოსამართლეებს სახლები საკუთრების უფლებით აღარ გადაეცემათ

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მოსამართლეებს სახლები საკუთრების უფლებით აღარ გადაეცემათ.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით.

არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლეების სოციალური დაცვა უზრუნველყოს, ანუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მოსამართლეები, რომლებიც სხვა ქალაქში ახორციელებენ საქმიანობას.

„2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლემ საკუთრების უფლებით მიიღო საცხოვრებელი ფართები. 2016 წელს „ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრისთვის მერაბ ტურავასთვის ბათუმში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა უძრავი ქონება. თუმცა, პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით შეჩერდა. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, კანონში უნდა მოხდეს ჩასწორება, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლეებს საცხოვრებელი მხოლოდ დროებით უნდა გადაეცეთ“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.

კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა. როგორც კაიკაციშვილმა განაცხადა, უარის თქმის მიზეზი კანონპროექტში ეკონომიკურ-ფინანსური მხარის მოუგვარებლობა იყო. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ბიუჯეტის საკითხის მოგვარებასა და კანონპროექტის ახლიდან წარდგენას გეგმავენ.

ლიკა ამირაშვილი