ვაჭრობაზე, მრეწველობასა და მშენებლობაზე სესხების გაცემა შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა იანვარში, წინა თვესთან შედარებით 18.6 მილიონი ლარით, ანუ 0.2%-ით შემცირდა და 10.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 52.3 მილიონი ლარით (1.3%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოურში კი 71 მილიონი ლარით (1.1 %-ით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.1 მილიარდი ლარი (წინა თვესთან შედარებით 1.3%-ით, ანუ 13.8 მილიონი ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.3 მილიარდი ლარის (შესაბამისად, 0.7 %-ით, ანუ 31.7 მილიონი ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი, 45.1%, როგორც ყოველთვის, ვაჭრობის სფეროზე მოდის. თუმცა, 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ამ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 23.2 მილიონი ლარით (0.9 %-ით) შემცირდა და 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული 7.4 მილიონი ლარით (0.8 %-ით) შემცირდა და 934.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (მთლიანი სესხების 17.4%). მესამე ადგილზე ამ მხრივ, მშენებლობაა, სადაც წინა თვესთან შედარებით 3 მილიონი ლარით (0,5%-ით) ნაკლები სესხი გაიცა და 433.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ სამ სექტორზე მოდის მთლიანი დაკრედიტების 70.7%.

ერთი თვის განმავლობაში, 59.1 მილიონი ლარით (1.3% -ით) მოიმატა ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა და 1-ლი თებერვლისთვის 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია.