როგორც მოსალოდნელი იყო, ღია ბაზრების ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC) დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტით, 1.00-მდე გაზარდა.
ამას მოჰყვა ამერიკული და ევროპული საფონდო ინდექსების ზრდა, ამერიკული დოლარი კი პირიქით - „შემსუბუქდა“. საერთოდ, საპროცენტო განაკვეთის აწევა ვალუტის კურსზე დადებითად აისახება, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად მოხდა, რასაც რამდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდა.
დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 1.22 პროცენტით შემცირდა, ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან მიმართებაში 1.10 პროცენტით, იაპონურ იენთან კი - 1.11 პროცენტით გაუფასურდა.
დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შედეგად, 1.68%-ით გაიზარდა ოქროს ფასი, 0.89%-ით გაძვირდა "ბრენტის" მარკის ნავთობი, WTI მარკის კი - 0.59 პროცენტით.
რაც შეეხება აშშ-ის ინდექსებს, „დოუ ჯონსის“ ინდექსი 0.40 პროცენტით გაიზარდა, „ნაზდაკის“ – 0.60 პროცენტით, Standard & Poor's-ის - 0.64 პროცენტით. მატება ჰქონდათ ევროპულ საფონდო ინდექსებსაც: ბრიტანულ FTSE-ს 0.20 პროცენტით, ფრანგულ CAC-ს 0.20 პროცენტით და გერმანულ DAX-ს - 0.30 პროცენტით.
FOMC რომ განაკვეთს გაზრდიდა, ეს პარასკევს გახდა აშკარა, როცა ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდა. საფინანსო და საფონდო ბაზრები ფედრეზერვის წევრთა გამოსვლებმა უფრო ადრეც დაარწმუნა იმაში, რომ დოლარზე განაკვეთის ზრდა მომწიფებული იყო. ამიტომ, FOMC-ის გუშინდელი გადაწყვეტილება, ბაზრების მდგომარეობაზე წინდაწინ, მეტნაკლებად ასახული იყო. ძლიერი რყევის გამოწვევა კი მხოლოდ მოულოდნელ შედეგს შეიძლება მოჰყოლოდა. მაგალითად, თუ FOMC-ი განაკვეთს უცვლელად დატოვებდა, ან 0.50 ერთეულით გაზრდიდა.
FOMC-ის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შრომის ბაზარი და საქმიანი კლიმატი პოზიტიური მიმართულებით ვითარდება. რა თქმა უნდა, მას არ უთქვამს, თუ როდის არის მოსალოდნელი განაკვეთის შემდგომი აწევა და არც იმის მინიშნება გააკეთა, თუ რამდენჯერ იგეგმება განაკვეთის აწევა წლის განმავლობაში.
რაც მთავარია, თავისი გამოსვლით იელენმა FOMC-ის მთავარ მიზანს მიაღწია - მათმა გადაწყვეტილებამ ბაზრებზე მინიმალური რყევები გამოიწვია. სავარაუდოდ, სავალუტო ბაზარზე დოლარის პოზიცია კორექციის შემდეგ, ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, რასაც ხელი ამერიკული ეკონომიკის დადებითმა სტატისტიკამ უნდა შეუწყოს. პრეზიდენტ ტრამპს ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველსაყოფად, გადასახადების შემცირება და ფინანსური სტიმულირება სურს (რაც დოლარის კურსს დაბლა დასწევს), მაგრამ ამისათვის მან ჯერ კონგრესის თანხმობას უნდა მიაღწიოს. ამასთან ფაქტია, რომ ეკონომიკა სტიმულის გარეშეც დადებითი მიმართულებით ვითარდება.
იელენმა განაცხადა, რომ ფედრეზერვი ისევ იმ გეგმით იმუშავებს, რომელიც წელს დოლარზე განაკვეთის სამჯერ გაზრდას ითვალისწინებს. უცვლელი დარჩა პროგნოზიც, რომლის თანახმად, ამ წლის ბოლოს დოლარზე განაკვეთი 1.4 პროცენტს მიაღწევს, მომავალი წლის ბოლოს კი - 2.1 პროცენტს. იელენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის კლების და ინფლაციის ზრდის ტემპები კვლავ ზომიერი დარჩება.
მერაბ ლორთქიფანიძე