დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა, - აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.
გასული წლის დეკემბერში ონალაინ-სესხების გამცემი 7 კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდა, კერძოდ, mon.ge - ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მონლაინი"; ccloan.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სისი ლოუნ"; cash24.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ისთ ვესთ კაპიტალი"; masesxe.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს; minicredit.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინფინიტი ჰოლდინგი"; mozo.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მოზო" და vivus.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "4 ფინანსი".
მიმდინარე წლის იანვარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესი 4-მა კომპანიამ გაიარა, კერძოდ, 1click.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინპორტი"; netcredit.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ტვინო"; wincredit.ge - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ახალი ფინანსური ჯგუფი"; emascredit.com - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემას კრედიტი".
თებარვალში ონალაინ-სესხების გამცემი ორგანიზაცია lendo.ge მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" სახელით დარეგისტრირდა.
ონლაინ-სესხების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთების აქტიური პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ონალიან-სესხების გაცემა აიკრძალებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მსგავსი სესხების გაცემა არ აიკრძალა, თუმცა მათთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კერძოდ, განისაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი - ონლაინ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.