ყველაფერი ეს კეთდება, რათა გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის გავიათარების 2017-2020 წლების სტრატეგიიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, სტრატეგია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განსაზღვრავს თანამედროვე ქართული სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, ევროკავშირსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას, რომელთა მხარდაჭერითა და დახმარებით შესაძლებელი გახდა მთავრობას ეს სტრატეგია შეემუშავებინა.
”დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანი ხედვით, სწორი და გათვლილი სტრატეგიითა და მიდგომით არის შესაძლებელი არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისათვის გადადგმულმა ძალიან მნიშვნელოვანმა და ეფექტიანმა ნაბიჯებმა შექმნა სრული საფუძველი იმისათვის, რომ გადავიდეთ სოფლის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, უფრო მასშტაბურ ხედვაზე და ამ ხედვის მთავარი ამოსავალი სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისებაა. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის”, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს არსებობს ყველა საფუძველი, რათა დაიწყოს თანამედროვე სოფლის განვითარება.
”ალბათ ყველა იკითხავს: რა არის თანამედროვე სოფელი? ეს არის სოფელი, რომელშიც სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილია მიზიდულობის ახალი ცენტრები, ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით სარგებლობს, როგორც სოფლის მოსახლე, ასევე საქართველოში სოფლად ჩამოსული ტურისტი. თანამედროვეა სოფელი, როცა ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როდესაც ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.