აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
შეხვედრას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელი პოსტსაბჭოთა სივრცეში მარიონ კნეში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენელი რეგიონული განვითარების საკითხებში თომას ვულფი, აჭარის პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი და პროექტის უფროსი კოორდინატორი ლევან ციცქიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა აჭარაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტები შეაფასეს და მათი განხორციელების სამომავლო ეტაპებზე ისაუბრეს.
როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავიანთი ხედვები და მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეებს KFW წარმომადგენლებმა, ბათუმის მერმა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გაუზიარეს. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის და მომავალ თანამშრომლობაში მთავრობის აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვა.
„მოხარული ვარ, რომ შედგა მორიგი შეხვედრა KFW-ს წარომადგენლებთან. ჩვენ მრავალი წელია ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. გვაქვს ბევრი შესრულებული, მიმდინარე და ახალი პროექტი. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ პროექტების მიმდინარეობისას არსებული შეფერხებების აღმოფხვრაში. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაოების შესრულება არა მხოლოდ დროულად, ხარისხიანადაც ხორციელდება. პროექტების შესრულებისას მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაც“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრისას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიონ ქნეშმა ისაუბრა აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელება იგეგმება. ამ პროექტის განსახორციელებლად გერმანიის განვითარების ბანკმა 20 მილიონი ევროს დაფინანსება გამოყო. მარიონ ქნეშმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში მიმდინარე პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მათ განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სტუმრებს ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა მიაწოდა ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული ან მწყობრიდან გამოსული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.
შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისათვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.