ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ კომპანია „კასტელი“ გაყიდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანიის ახალი მფლობელი სააქციო საზოგადოება „არგო“ გახდა, რომლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ვასილ სულხანიშვილია.
როგორც ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, თემურ ჭყონია კომპანიაში აქციონერის სტატუსით რჩება.
თუმცა, უცნობია რა რაოდენობის აქციებს ფლობს ჭყონია ან რა თანხად გაყიდა კომპანია, ასევე რა გახდა ამ გარიგების მიზეზი.
„კასტელის“ შეფერხება და გაჩერება არ იგეგმება. კომპანია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება“, - ამბობს ზაუტაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია „კასტელის“ მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მოლაპარაკება საკმაოდ მოკლე ხანში დასრულდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „არგო“ მიმდინარე წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა. რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი 24 თებერვლამდე ვახტანგ რუხაძე იყო. 24 თებერვლის მდგომარეობით კი გენერალურ დირექტორად ვასილ სულხანიშვილია მითითებული.