სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომსახურების სააგენტოს მთავარი კონსულტანტი, თეიმურაზ შალიკიანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ შალიკიანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქუთაისში მდებარე, ყოფილი "საგრენაჟო ქარხნის" ტერიტორიის (6500 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აუქციონის წესით შეძენაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 600 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ შალიკიანი გუშინ იმ დროს დააკავეს, როდესაც მან წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 70 ათასი აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).