რა შემთხვევაში ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით  დეპორტირებული მოქალაქეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დოლიძემ უპასუხა უმრავლესობის დეპუტატ არჩილ თალაკვაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები.

”გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.