გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მობილური ექსპრეს-ლაბორატორიის მეშვეობით მონიტორინგი განახორციელა.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტი გრძელდება.
სააგენტოს სპეციალისტებმა მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და #24 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს.
„მობილური ექსპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში მოსახლეობაც ჩაერთო და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.
ჩატარებული ანალიზები და კვლევები სააგენტოს საშუალებას მიცემს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოიცავს.