ქართული თამბაქო ნიკარაგუაში ექსპორტზე გავიდა

კომპანია ”Adjarian Tobacco"-მ, რომელიც აჭარაში ქართულ სიგარას აწარმოებს, ნიკარაგუაში თამბაქოს პირველი პარტია ექსპორტზე გაიტანა.

როგორც bpn.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, აბესალომ შალუტაშვილმა განუცხადა, უცხოურ პარტნიორებს საწყის ეტაპზე 4 ტონა თამბაქოს ფოთოლი მიაწოდა. თუ თანამშრომლობა წარმატებული იქნება, მომავალში ამ მოცულობას 20-30 ტონამდე გაზრდიან.

”ნიკარაგუა ცნობილია თავისი სიგარის წარმოებით, თუმცა, ნედლეულის დამატებითი წყარო მაინც ესაჭიროებათ. ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ. მაღალმთიანი აჭარაში, დიდი ხანია, თამბაქო მოჰყავთ, ასე რომ, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია”, - აღნიშნა შალუტაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია 16 ადგილობრივ ფერმერთან თანამშრომლობს, რომლებიც ”Adjarian Tobacco"-ს ნედლეულს აწვდიან.

კომპანია ბათუმში 2007 წელს დაფუძნდა, კუბიდან 4 სახეობის სიგარის თამბაქოს თესლი შემოიტანა და ქედაში, სოფელ დანდალოში, საკუთარი მეურნეობა შექმნა. 2009 წლიდან კი ”გონიოს” ბრენდით სიგარის წარმოება დაიწყო. როგორც Adjarian Tobacco"-ს მენეჯერი აცხადებს, მართალია, პრემიუმ-კლასის პროდუქტია, მაგრამ ქართულ სიგარას მცირე, მაგრამ სტაბილური მომხმარებელი მაინც ჰყავს.