2016 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 52,5% ქვეყნის შიგნით მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით გადაადგილდებოდა.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს შიდა ტურიზმის მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენდა შოპინგი, რომლის წილი ვიზიტორთა შორის 12,3%-ია. საქართველოს მოსახლეობის 11,1% კი ქვეყნის ტერიტორიაზე მკურნალობა/გაჯანსაღების მიზნით გადაადგილდებოდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, შიდა ტურიზმის მთავარ მიზნებს შორის დასახელდა: დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 9,0%, მეორე სახლის მონახულება, აგარაკი ან სხვა - 6,8%, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 4,7% და რელიგია/მომლოცველობა - 1,7%. შიდა ტურზმის სხვა მიზნებს საქსტატის მონაცემებში 1.4% უჭირავს.
2016 წელს შიდა ტურიზმის ვიზიტორების საშუალო რაოდენობამ მილიონ 80 ათასი ადამიანი შეადგინა.