ქუთაისის აეროპორტამდე (კოპიტნარი) მატარებლით მისვლა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში შეეძლებათ. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ რკინიგზის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე კოპიტნარის რკინიგზის ძველ სადგურს ვარემონტებთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე, სავარაუდოდ, გაზაფხულზევე დასრულდება. რის შემდეგაც მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ კოპიტნარის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა,“- აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე თქმით, კოპიტნარის რკინიგზის სადგურზე დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ყველა მატარებელი გაჩერდება. ცაგურია იმასაც აღნიშნავს, რომ კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე მოქალაქეთა გადაადგილებას სპეციალური ავტობუსი უზრუნველყოფს, რომლის ღირებულება მატარებლის ბილეთის ფასში შევა.
თუმცა, ამ ეტაპზე დაჩი ცაგურია ვერ აკონკრეტებს რა ეღირება თბილისი-კოპიტნარის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა. რაც შეეხება მგზავრობის ხანგრძლივობას, ცაგურიას თქმით, კოპიტნარამდე ჩასვლისთვის დაახლოებით 3 საათი იქნება საჭირო.
რეაბილიტაციის შემდეგ კოპიტნარის რკინიგზას „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებლების მიღებაც შეეძლება.