ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრედიზენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია რისკის შემცველად მიიჩნევს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექციას სასამართლოს ნებართვის გარეშე ექნება უფლება ნებისმიერ დროს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან.
„ყველა ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც დღეს გვაქვს არის საკმაოდ ხარვეზიანი, მაგრამ ორგანო, რომელიც ჯერ ჩანასახშია შრომის ინსპექციის სახით, მგონია მზად არ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესთან აწარმოოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რომლიც გსურს რომ იყოს ამ სანქცირების პირობებში. ყველაზე პრობლემურია, სასამართლოს გვერდის ავლით ბიზნესში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. შეგვიძლია რისკებზე ვივარაუდოთ, რადგან ამ კუთხით დამოკიდებულებები იქნება საფრთხის შემცველი და პრობლემების მომტანი. ის გარანტია, რომ სასამართლოს მეშვეობით იქნებოდა შემაკავებელი მექანიზმი, ისპობა. იქნება უეცარი შემოწმებების მომენტი, რაც ჯერ ნდობის მოპოვებას საჭიროებს“, - განაცხადა მიშა კორძახიამ.
შეხვედრაზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგნლებმა იმსჯელეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას წარუდგენს საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.