ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხის მოცულობის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე კვირაში რეფინანსირების სესხის მოცულობა 40 მილიონი ლარით შემცირდა და ამჟამად 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 1,2 მილიარდი ერთკვირიანია, რომელიც 9 კომერციულ ბანკზეა გაცემული (პროპორცია და მიმღებ ბანკთა სია უცნობია) და 400 მილიონი ლარი - ერთთვიანი რეფინანსირების სესხია, რომელიც სესხების გალარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და მხოლოდ ორ კომერციულ ბანკზეა გაცემული (მათი პროპორცია და კონკრეტული მიმღები ასევე უცნობია).
23 მარტს, ხუთშაბათს, როდესაც ორივე რეფინანსირების სესხის დაბრუნების ვადა დადგება, აუქციონების შედეგები აჩვენებს, შეძლებს თუ არა ეროვნული ბანკი, წინ აღუდგეს საბანკო ოლიგოპოლიას და მთლიანად, ჯამში, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის რეფინანსირების სესხი არ გასცეს.
რეფინანსირების სესხის გაცემა წარმოადგენს ეროვნული ბანკისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს, რომელზეც პროცენტს კომერციული ბანკები, ხოლო საბოლოოდ კი ბანკის კლიენტები იხდიან.
კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხით მოზიდულ რესურსს იყენებენ მოკლევადიანი ლიკვიდობის შესავსებად. თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, არასაჯაროა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ აქვთ აწ უკვე არა ერთი თვე კომერციულ ბანკებს მუდმივად მოკლევადიანი რესურსის დეფიციტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რეფინანსირების აუქციონის შედეგები გაასაჯაროოს ხოლმე ტექსტური ფორმით ვებ-გვერდზე, რაც მან გაურკვეული მიზეზით 2016 წლის ივლისიდან შეწყვიტა.
როგორც ორი თვის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო დებატში ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ბაქრაძემ განმარტა, მოკლევადიანი დეფიციტი კომერციული ბანკებისთვის შეიძლება უკავშირდებოდეს: 1) სამთავრობო ოპერაციებს, 2) მსხვილ სავალუტო ტრანზაქციებს და 3) ნაღდი ფულით ფინანსური არხების უზრუნველყოფას.
მეტი კონკრეტიკისგან ეროვნული ბანკი თავს იკავებს და რეფინანსირების მხოლოდ მოცულობების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდის ვიზიტორებისთვის ექსელის ფაილებში აქვს გადამალული. ალბათ იმიტომ, რომ 1,6 მლრდ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ლარის მთლიანი მასის 25% შეადგენს, რაზეც ეროვნული ბანკი თვალს ხუჭავს.
რეფინანსირების სესხი მცირე მოცულობით (5-10%) დასაშვებია, დიდი მოცულობით (10%-ზე მეტი) - ფეთქებადსაშიში! დაველოდოთ 23 მარტს", - წერს დავით ასლანიშვილი.