ორგანული მინის ჩანთები ქართულ ბაზარზე გასული წლის შემოდგომით გამოჩნდა. ბიზნესის წამოწყების იდეა ინტერიერის დიზაინერს ნინი ზექალაშვილს გაუჩნდა. ჩანთების შექმნაში ნინის მაგდა წილოსანი და ნოდო დუნდუა ეხმარებიან. ბრენდის შექმნის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” მინის ჩანთების შემქმნელი ნინი ზექალაშვილი ესაუბრა.
”იდეის განხორციელება გასული წლის აგვისტოს ბოლოს დავიწყე. თავდაპირველი ნამუშევრები ბოლო მოდელებისგან ძალიან განსხვავდება. ზაფხულის შემდეგ რამდენიმე მომწოდებელი შევიცვალე. ორგანული მინა ახლა უკვე ევროპიდან ჩამოგვაქვს. გარდა ამისა, დანადგარიც გამოვიწერეთ“, - გვიყვება ნინი ზექალაშვილი.
MAY-ის ჩანთები ჯერ მხოლოდ ონლაინ სივრცეში ”ფეისბუქით” იყიდება. ჩანთებზე მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. როგორც ნინი ზექალაშვილი ამბობს, მათ 3 ადამიანი, ერთი მკერავი და 2 კურიერი ჰყავთ დასაქმებული.
”ჩანთებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის ვქმნით. განსაკუთრებით პრაქტიკული და ყოველდღიური ელვიანი მოდელებია. სრულიად გამჭვირვალე მოდელებს სადღესასწაულოდ იძენენ. თითო-თითო მოდელი საფრანგეთსა და როსტოვში გავგზავნეთ. როსტოვიდან კვლავ გვაქვს რამდენიმე შეკვეთა. 2 მოდელი კანადაში გავაგზავნეთ. ასევე ჩვენი პროდუქტით ლიტველი ქალი დაინტერესდა, რომელსაც რამდენიმე დღეში ხელჩანთების 3 მოდელს გავუგზავნით, სამომავლოდ შესაძლოა მან ჩვენი პროდუქტი ბელორუსის, ლიტვისა და მოსკოვის ბაზარზე გაიტანოს”, - ამბობს MAY-ის დამფუძნებელი.
ნინი ზექალაშვილი „ბიზნესპრენიუსს“ იმ დაბკოლებაზეც ესაუბრა, რომელიც მათ ბიზნესში გაჩნდა. როგორც ბრენდის შემქმნელი გვეუბნება, მათ იდეებს სხვა დიზაინერი ითვისებს.
„ერთ-ერთმა დიზაინერმა, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ჩვენი სლოგანი მიითვისა და ასევე რამდენიმე იდეაც მოგვპარა. ამ საკითხზე იურისტებთან კონსულტაცია უკვე გავიარეთ და ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს ნინი ზექალაშვილი.
MAY-ის შემქმნელი ”ბიზნესპრესნიუსთან” სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ”ყველაფერი 1 ჩანთით დავიწყეთ და ბოლოს 85 მოდელი დავამზადეთ. მაისისკენ გვინდა დახლის ან მაღაზიის გახსნა, ეს სიმბოლურიც იქნება. ვგეგმავთ სამკაულების ხაზის განვითარებასა და ორგანული მინის საათების დამზადებას, ნატურალური ტყავი და ხე უკვე შევიძინეთ, ვაპირებთ კოლაბორაციას სამკაულების ბრენდთან Elleana accessories. შეიძლება ჩვენს ნაწარმს ზურგჩანთებიც დავამატოთ, რადგან მოთხოვნა დიდია. პარტნიორობას ვგეგმავთ Wishlist-თან, რომელიც ჩვენი პროდუქტის ონალიან გაყიდვას უზრუნველყოფს. ასევე სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი ბრენდის დაპატენტება”, - ამბობს ნინი ზექალაშვილი.
ორგანული მინის ჩანთების ქართული ბრენდი MAY, რომლის დამფუძნებლებმაც თავისი პროდუქციის სხვა მაღაზიებში განთავსებაზე უარი თქვეს, სამომავლოდ სახელოსნოს შექმნას გეგმავენ და ბრენდის ინტერიერის დიზაინის მხრივ გამოყენებასაც აპირებენ.