ქუთაისში პურის ქარხანას ანტისანიტარიის გამო დახურვა ემუქრება (ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისში შეამოწმეს პურის ქარხანა, რომელიც გარდა იმისა, რომ ბიზნესოპერატორად არ იყო რეგისტრირებული, პურს უკიდურესად ანტისანიტარულ გარემოში აწარმოებდა.

აღნიშნული შემოწმების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, მადონა კოიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, მას აღნიშნული ქარხნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მომხმარებელმა, რის შემდეგაც ის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდა.

კოიძის ინფორმაციით, ქარხანა უკვე დაჯარიმდა ბიზნესოპერატორად დაურეგისტრირებლობის გამო და ახლა მისი უფრო დეტალური შემოწმება მიმდინარეობს.

”სავარაუდოა, რომ ამ ქარხანას ელის დახურვა,” - განაცხადა მადონა კოიძემ.

მისი თქმით, რეგიონებში სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა.

”სასიხარულოა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ზრდის კადრებს, რაც ნიშნავს, რომ ინსპექტირების ჯგუფები გაიზრდება და უფრო მეტი რეგიონის შემოწმება გახდება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირება საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს,” - აღნიშნა მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა.

Videobpn

ანტისანიტარია ქუთაისის პურის ქარხანაში