პარლამენტთან “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია მიმდინარეობს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი დაზარალებულთა იმ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაც ხანძრის შედეგად ყველაფერი გაუნადგურდათ. მათი მოთხოვნაა, 5000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მიღება.

გარდა ამისა, დაზარალებულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, ზარალის კომპენსაციას, ხოლო ბანკებს სესხის პროცენტის ერთი წლით გადავადებას სთხოვენ. დაზარალებულების განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ აქვთ, კრედიტებზე ერიცხებათ პროცენტი, ჯარიმა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.

“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს არ შეწყვეტენ.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სევდია უგრეეხელიძე, თემურ გრიგალაშვილი, „თავისუფალი ზონის“ წევრი კობა ხაბაზი და „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.