საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ კანონით უნდა უზრუნველყოს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ ნორმის მიღებას არ ჩქარობს.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბიზნესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და შეფერხდა კანონპროექტის დამტკიცება, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი.
არადა, საქართველოში მომხმარებელი მუდმივად რომ ტყუვდება სურსათის, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკის, ტანსაცმლის, კოსმეტიკური საშუალებების, სამკაულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას, ამაზე "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ფაქტებიც მეტყველებს.
ნათია თოუფრიამ ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ფენოვანი ხაჭაპური შეიძინა და სახლში მიტანის შემდეგ შიგნით ცოცხალი ჭიანჭველები აღმოაჩინა.
"ბავშვის დაბადების დღისთვის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ხაჭაპურები ვიყიდე. ადგილზე არ გავაცხელებინე და ასე მოვიტანე სახლში. ვნახე, რომ შიგნით ჭიანჭველები იყო და, ბუნებრივია, უკან წავიღე მაღაზიაში. მართალია, მენეჯერს არ გაუპროტესტებია და უხმაუროდ დაიბრუნა პროდუქტი, მაგრამ წარმომიდგენია, ადგილზე რომ გაეცხელებინათ, რა დამემართებოდა, მკვდარი ჭიანჭველების ჭამა მოგვიწევდა.
"ძალიან კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება და საკვები პროდუქტების კონტროლი გაორმაგდება. ფალსიფიცირებული პროდუქტი ჩენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, თორემ პურშიც კი შემხვედრია ქვები, მაგრამ დაჭრილი პური უკან ვეღარ ჩამიტანია", - გვითხრა თოფურიამ.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პროდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტებზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო და "მომხმარებელი ჯი" ახორციელებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობის დახლებზე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი მაინც ხვდება.
"იმპორტირებულ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ განსაზღვრული სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ვრცელდება და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს არ მოიცავს. თუმცა აღნიშნული კონტროლი შესაბამისი ნორმების დაცვით არ მიმდინარეობს.
"მაგალითად, პროდუქციაზე ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობით არ ხდება. გარდა ამისა, ნიმუშები არ მოწმდება ყველა იმ პარამეტრზე, რომელიც მონიტორინგის გეგმითაა განსაზღვრული. დარღვევები გამოვლინდა ნიმუშების გეგმით განსაზღვრულ პარამეტრებზე შემოწმებისასაც.
"საზღვარზე შემოსული საქონლის განთავსება ხდება ქვეყნის შიგნით არსებულ ბაზარზე, სადაც კონტროლი ინსპექტირებისა და მონიტორინგის საშუალებით ხორციელდება.
"ინსპექტირების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ გააჩნდა სრული, ზუსტი და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან დაკავშირებით. აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუსაზღვრავს ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესოპერატორის რისკის დონე და, შესაბამისად, არ ფლობდა სრულ სურათს შექმნილი რისკების შესახებ", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
მათივე განცხადებით, მაღაზიები გარკვეულწილად მოწმდება, თუმცა სრულიად უკონტროლოა ქუჩაში გაყიდული საქონელი. კანონით, გარევაჭრობა აკრძალულია, თუმცა დედაქალაქში არაერთ ადგილას აღმოაჩენთ ხორცს, თევზს და სხვა მალფუჭებად პროდუქტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი მათი შემოწმება არ ეხება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის" თავმჯდომარე ამირან შენგელიას აზრით, გარევაჭრობაზე კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აიღოს.
"ქუჩაში პროდუქტები არ უნდა იყიდებოდეს, ამის აკრძალვა უნდა მოხდეს და მე მგონი, უკვე დროა, ამაზე კონტროლი შს სამინისტრომ აიღოს.
"კარგი იქნება, საზოგადოებამ გაითვალისწინოს და ქუჩაში პროდუქტები არ იყიდოს იმიტომ, რომ შეიძლება პროდუქტი იყიდო იაფად, მაგრამ ჯანმრთელობის დაცვა ჯდება ძვირი", - უთხრა "მთელ კვირას" შენგელიამ.
რაც შეეხება, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებს, მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა.
"მოხმარებელთა უფლებები თითქმის არ არის დაცული. კანონი არ არსებობს და რომელ უფლებებზე შეიძლება საუბარი?! მომხმარებლებს თუ დავყოფთ კატეგორიებად, მაგალითად, პროდუქტების მყიდველად, ტექნიკის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლების მყიდველად, ვნახავთ, რომ თითქმის ყველგან სავალალო მდგომარეობაა. ერთადერთი სფერო, სადაც ვითარება მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, არის სურსათის სფერო. იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით კანონი მომზადებულია.
"მაგალითად, კაცმა იყიდა მტვერსასრუტი, რომელიც 2 დღეში გაუფუჭდა და რომ მიიტანა, უთხრეს ძაღლის ბეწვი მოხვდა და იმიტომ გაფუჭდაო. მტვერსასრუტი იმისთვისაა, რომ მტვერი აიღო და მანდ ძაღლის ბეწვი და კატის ბეწვიც მოხვდება. რა გინდა ახლა რომ თქვა და რით უნდა დაიცვას ადამიანმა თავი?!", - გვითხრა შენგელიამ.
საქართველოში რომ მომხმარებელთა უფლებები ყველა ნაბიჯზე ირღვევა, ამას მომხმარებელთა ფედერაციის თვმჯდომარე მადონა კოიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ცივილიზებულ ქვეყანაში ბიზნესზე წინ მომხმარებლის უფლებებია გადმოწეული, თუმცა საქართველოში პირიქით ხდება.
"მომხმარებელთა უფლებები საქართველოში საერთოდ არ არის დაცული, ელემენტარული კანონი არ გაგვაჩნია. კანონპროექტი არსებობს, თუმცა პარლამენტმა მხოლოდ 2 მოსმენით დაამტკიცა და შემდეგ თაროზე შემოდო. მესამე მოსმენა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.
"ეს კანონი მისცემს მომხმარებელს იმის საშუალებას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე შეძლოს თავისი უფლებების დაცვა. თუმცა რა ბედი ეწევა ამ კანონპროექტს, ჩვენთვის უცნობია.
"ცივილიზებულ ქვეყანაში მომხმარებელი პირველ პლანზეა გადმოწეული, ვინაიდან ბიზნესს ბევრად ძლიერი ბერკეტები აქვს და მას თავისუფლად შეუძლია თავის დაცვა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ბიზნესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და შეფერხდა კანონპროექტის დამტკიცება, რომლებსაც ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი.
"ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით კანონი 2019 წლისთვის უნდა იყოს მიღებული. შესაბამისად, ბიზნეს სექტორი ამაზე აპელირებს და ცდილობენ, მომხმარებლის მოტყუება კიდევ 2 წელი გააგრძელონ", - გვითხრა კოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში გაუქმდა 1996 წლის კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", რის შედეგადაც მომხმარებლების უფლებები საქართველოში საგრძნობლად შეიზღუდა. ამავე დროს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. სწორედ ამასთან დაკავშირებით 2 წლის წინ პარლამენტში კანონის ინიცირება მოხდა, თუმცა მისი დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა. უცნობია, რა ბედი ეწევა ორჯერ მოსმენილ კანონს. მესამე მოსმენით მიღების თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.
"აღნიშნული კანონპროექტით, მომხმარებელს საშუალება ექნება, გარდა პროდუქციაზე სრული ინფორმაციის მიღებისა, სურვილის შემთხვევაში ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნებაც შეძლოს. თუ პროდუქტს ნაკლი აქვს, მომხმარებელს უბრუნდება თანხა, მაგრამ თუ მომხმარებელმა იყიდა გარკვეული ნივთი, წაიღო სახლში და შემდგომ გაიაზრა, რომ მან შეიძინა ისეთი პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეეძლება, მივიდეს მაღაზიაში და მარტივად დააბრუნოს ის. თუმცა, რასაკვირველია, ნივთს არ უნდა ჰქონდეს დაკარგული სასაქონლე სახე და არ უნდა იყოს იმ გამონაკლისთა სიაში, რასაც სჭირდება შენახვის სპეციალური პირობები ან მოკლე შენახვის ვადით არის განსაზღვრული.
"კანონპროექტი ძირითადად ეხება ტანსაცმელსა და ტექნიკას. პროდუქციაზე, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვის პირობები, მათ შორის მედიკამენტებზეც, აღნიშნული კანონი არ გავრცელდება.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს და უგულებელყოფილია მომხმარებლის ინტერესები, აღნიშნული კანონმდებლობის მიღების შემდეგ გაუქმდება.
"აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, ვინაიდან თუკი ქვეყანაში არსებობს ბიზნეს ომბუდსმენი, რატომ არ უნდა არსებობდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს სამომხმარებლო ბაზარზე?!", - განაცხადა მადონა კოიძემ.
თიკო ოსმანოვა
გაზეთი "რეზონანსი''