RMG ჯგუფმა გაფიცულებთან მოლაპარაკებები დაიწყო

ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიის, RMG ჯგუფის ხელმძღვანელობას, საქართველოს პროფკავშირებსა და კაზრეთის საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შეხვედრა, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მხარის გუბერნატორის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით გაიმართა და 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობამ და RMG ჯგუფიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, რომლებიც გაიფიცნენ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოთხოვნები და წინადადებები გააცნეს.

"მოთხოვნები საზოგადოებისათვის ცნობილია - სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა. მიმდინარეობდა პოზიციების შეჯერება. ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდია, შემდეგი გაიმართება 27 თებერვალს და უკვე მაშინ შეგვეძლება საზოგადოებას ვაცნობოთ, სად გვაქვს შეხების წერტილები დამსაქმებელთან. ამ პროცესში ჩართულია მხარის ხელისუფლება და სამივე მხარესთან ერთად იმედი მაქვს, რომ გამოვძებნით იმ ოქროს შუალედს, რომელიც საწარმოსაც აამუშავებს და ამ თანამშრომლებსაც მოუხსნის იმ სტრესს, რაც შექმნილია წლების განმავლობაში," - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი გათავისუფლებული მუშის, მალხაზ ჟიჟიაშვილის განცხადებით, ხელმძღვანელობა დათანხმდა მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. მისი თქმით, მოლაპარაკებები დღეს, 12.00 საათზე კაზრეთში გაგრძელდება და მიღწეული შეთანხმების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ხელფასების გაზრდაზე ასეთი რამ შემოგვთავაზეს, რომ საწარმო ,,დაიქოქება" და სექტემბრისათვის ველოდებით 15-20%-იან ზრდას, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია," - განაცხადა მალხაზ ჟიჟიაშვილმა.

RMG ჯგუფის ხელმძღვანელმა სერგეი ეგანოვმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

,,მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დიალოგი დაიწყო ჩვენს თანამშრომლებთან. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, მხარის ხელმძღვანელობის როლი ამ მოლაპარაკებებში, რომელმაც ძალიან არსებითი დახმარება აღმოგვიჩინა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ მომენტისათვის, განვიხილავთ ახალი მიმართულების გახსნის შესაძლებლობას, სადაც ჩვენ შეგვეძლება დავასაქმოთ 44 ადამიანი. რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენ იძულებული ვიყავით, იმის გამო რაც საწარმოში ხდებოდა, გაგვეთავისუფლებინა თანამდებობიდან, იმედი გვაქვს, რომ გავხსნით სხვა ნაკვეთებს და იქ მივიწვევთ მათ სამუშაოდ," - განაცხადა სერგეი ეგანოვმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, შეთანხმება მიღწეული იქნება.

,,საწარმოს ხელმძღვანელობისგან იქნა კონკრეტული წინადადებები შეთავაზებული, ეს ადამიანები წავიდნენ თავის კოლეგებთან მოსალაპარაკებლად და ველოდებით მათ პასუხს. როდის დამთავრდება ეს მოლაპარაკება, მე ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარია, რომ ,,ყინულმა დაიწყო დნობა" და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხედით. ულტიმატუმების ენით და ასეთი კატეგორიული ენით საუბარი, უბრალოდ, არ შეიძლება," - განაცხადა მღებრიშვილმა.

გაფიცულ მუშებს და საწარმოს ხელმღვანელობას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რუსთავის შემდეგ, დღეს უკვე კაზრეთში გაიმართება.