„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა“ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ის გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ჩვენ მოვინდომეთ, ჩვენ გავაკეთეთ მისი დეკლარირება. ჩვენ შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს და რაც მთავარია, ჩვენ თავად ვართ დარწმუნებული მის აღსრულებაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, დღეს ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერს მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება.