საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

ბერლინში, საქართველოს საელჩოში დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი გულისხმობს, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას დაესწრებიან როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები, ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არის ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი, რომელიც პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და ზოგადად საქართველოს სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს.

გარდა იმისა, რომ საპატიო სტუმარი ქვეყანა გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას - საქართველოს მიეცემა საშუალება, გამართოს გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, წარმოაჩინოს მთელი ქართული კულტურის სპექტრი - ფოლკლორიდან დაწყებული კულინარიით დამთავრებული.

ამ ფორმატით ქვეყნის წარმოჩენა გაზრდის ქვეყნის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესს ქვეყნის მიმართ.

საქართველო მოლაპარაკებებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით 2011 წლიდან აწარმოებს. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან.

ასევე, 2014 წელს იგეგმება ლიტერატურის პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა და ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის სპეციალური ცენტრის დაარსება, რომლის მთავარი ამოცანები იქნება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა. ამ სტრუქტურას სპეციალური ბორდი გაუწევს კოორდინირებას.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელი და პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ბორდი შეიმუშავებს ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და პოპულარიზაციის სამუშაო გეგმას, რომელიც მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ქართული ლიტერატურის თარგმანების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შედეგზე იქნება ორიენტირებული.