ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გალარების პროგრამის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მთავრობის ინიციატივას 2015-2016 წლების სავალუტო კრიზისების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებული საქართველოს მოქალაქისთვის (ჯამური პორთფელით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით) სავალუტო სესხების ლარში გადაყვანის თაობაზე მხოლოდ 17%-ზე ოდნავ მეტმა ისარგებლა. პროგრამაში ჩართული 17%-ზე მეტი რომ არ გაალარეს კლიენტებმა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ფინანსურ სისტემაში საბანკო ოლიგოპოლიის არსებობას, რომელსაც ეროვნული ბანკი არა თუ ვერ უმკლავდება, პირიქით, ხელს უწყობს.
ჯერ კიდევ 2016 წლის 28 ნოემბერს, მკვეთრი სავალუტო რყევებისა და ლარის შემდგომი მოსალოდნელი გაუფასურების ფონზე, მთავრობამ უკანასკნელი რესურსი გამოძებნა ბიუჯეტში იმისთვის, რომ ლარის გაუფასურებისგან დაეცვა საოჯახო და მცირე ბიზნესები, აგრეთვე საშუალო ფენის ის ადამიანები, რომლებმაც შედარებით ნორმალური სტაბილური შემოსავლის პირობებში თავის დროზე იპოთეკური სესხები გარისკეს.
100.000 ლარი - ეს ნიშნადობლივი თანხობრივი ზღვარია. იმ მცირე ბიზნესებს, რომელთა ბრუნვა აღნიშნულ თანხობრივ ზღვარს არ სცდება, თავისუფალია დღგ-ს გადასახადისგან. ე.ი. გალარების პოტენციური კლიენტურა არის ე.წ. თვითდასაქმებულთა დიდი არმია, რომელიც წესიერ ქვეყანაში ბადებს ახალ საშუალო ფენას, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და ხელშეწყობა. ამიტომ მთავრობის ინიციატივა იყო ნამდვილად სოციალური და ჰუმანური.
საბანკო ოლიგოპოლია დიდი ენთუზიაზმით რომ არ შეხვდებოდა ამ ინიციატივას, ეს თავიდანვე იოლი მისახვედრი იყო: „სესხების გალარება აქამდეც შეეძლო ნებისმიერ კლიენტს... თუმცა თუ მთავრობა ლარის კურსის სუბსიდირებას მოახდენს, ხოლო პროგრამისთვის საჭირო როგორც ლარის, ისე დოლარის რესურსს ეროვნული ბანკი გამოგვიყოფს, დავფიქრდებითო ..“ დაფიქრდნენ და სესხების პორტირების მტაცებლური პროგრამა მოიფიქრეს.
ეროვნულ ბანკს თითქმის ორი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებია. ამ ორი თვის მოსამზადებელ პერიოდში, ე.ი. დეკემბერ-იანვრის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ გაფრენილი ლარის კურსი, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სავალუტო ბაზარიც საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია.
17 იანვარს პროგრამა ოფიციალურად დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა კი ელემენტარულად გალარების კალკულატორი ერთი თვის დაგვიანებით შუა გზაში დააწია მომხმარებელს, რომელთა უფლებები საბანკო ოლიგოპოლიისგან წესით სწორედ ეროვნული ბანკის დასაცავია.
23 იანვარს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ერთთვიანი რეფინანსირების სესხი - 400 მლნ ლარი უფეშქაშა საბანკო ოლიგოპოლიას. „მადლიერმა“ ორმა ბანკმა: „ჩვენ ვიცით, ამ რესურსს როგორ გამოვიყენებთო,“ და იმის ნაცვლად რომ სესხები გაელარებიათ, თებერვალ-მარტში „ბეზპრეძელი“ დაატრიალეს სავალუტო ბაზარზე.
მაგალითად, კლიენტს 3 თებერვალს სესხი გაულარდა კურსით 2.71, ხოლო თავად კომერციულმა ბანკმა პოზიციის დასახურად საჭირო დოლარი ეროვნული ბანკისგან 3 მარტს შეიძინა კურსით 2.42. რა მივიღეთ? მადლიერი საბანკო ოლიგოპოლია, დაზარალებული კლიენტი, მოტყუებული მთავრობა და გადასახადის გადამხდელები, და უსუსური ეროვნული ბანკი.
25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და თან შემდგომი გაზრდაც გამოაცხადა უახლოეს პერიდოში. რა დიდი ფინანსური განათლება სჭირდება იმას, რომ კლიენტები უკან დაიხევდნენ სესხების გალარებისგან? ლარის კურსის ტვირთის ჩანაცვლება საპროცენტო განაკვეთის ტვირთით მაინც და მაინც დიდ შეღავათს აღარ წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ლარში დენომინირებული გრძელვადიანი სესხები სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
7 მარტს კი ეროვნული ბანკის ქედმაღლური უნიათობა ყველაზე ნათლად გამოაშკარავდა. ბაზარი მოელოდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, მაგრამ ეროვნული ბანკი უკვე თავად მიხვდა 25 იანვრის შეცდომას, და თვითკმაყოფილების რეჟიმში უთხრა ბაზარს, რომ „კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან.“
ორნიშნა ინფლაცია არც დეკემბერში დაფიქსირებულა, არც იანვარში და არც თებერვალში. ამიტომ რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული 25 იანვარს ბაზრის დაფრთხობა, შემდეგ კი ცრუ მოლოდინების შექმნა? გალარების პროგრამის დასრულებამდე არ შეიძლებოდა დაცდა?
საერთოდ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ დადგა ასე ფორსმაჟორულად გალარების საკითხი დღის წესრიგში? იმის გამო ხომ არა, რომ ქვეყნის ფიანსური სისტემა საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია, რომლის მძევალიც და ხელშემწყობი ერთდროულად არის ეროვნული ბანკი?
არსებული სიტუაციის ანალიზით მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
- ვთხოვოთ მთავრობას, გაახანგრძლივოს სესხების გალარების პერიოდი, საერთოდ არ შეზღუდოს ვადა, ან პროგრამამ იმოქმედოს 2017 წლის ბოლომდე მაინც. სავალუტო კრიზისი არც 2017 წელშია გამორიცხული, ეროვნული ბანკისგან კი მოსალოდნელია, რომ ის, როგორც საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი, სავალუტო ბაზარს კვლავ უპატრონოდ მიატოვებს.
- ეროვნულ ბანკს, რომელმაც ვერ ჩაატარა გალარების პროგრამა, ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საერთოდ საკითხავია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ ბანკს, როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ფინანსური ზედამხედველობა? ეროვნული ბანკი საჭიროებს ძირეულ რეფორმას, დღევანდელ მდგომარეობაში კი ის, როგორც ფინანსური ზედამხედველი, იქნება საბანკო ოლიგოპოლიის სამსახურში. ეს კი ფინანსური სექტორის განვითარებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს."