”ვისოლმა” რაბათთან ერთად გახსნილი სასტუმროს დახურვა გადაიფიქრა

”ვისოლი” ახალციხეში მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ”ლომსიას” დახურვას აღარ აპირებს.

”ლომსიას” დახურვას მენეჯმენტი პირველი მარტიდან გეგმავდა, თუმცა სასტუმროს მენეჯერმა ამირან ქიმერიძემ bpn.ge-ს განუცხადა, რომ სასტუმრო მუშაობას ოქტომბრამდე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

სასტუმრო 2012 წლის აგვისტოში, რაბათის კომპლექსთან ერთად გაიხსნა, ღონისძიებას მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროში "ვისოლ ჯგუფმა" რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც განაცხადა, ტურისტების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ობიექტი მხოლოდ სეზონურად იტვირთებოდა.

”კვირის დასაწყისში ვფიქრობდით, სასტუმროს ოპერირება შეეწყვიტა, თუმცა, ჩვენმა პარტნიორმა ტურისტულმა კომპანიებმა დაგვარწმუნეს, რომ წელს ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. გადავწყვიტეთ, ოქტომბრამდე ვიმუშავოთ, შემდეგ კი სიტუაცია გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ”, - აღნიშნა ქიმერიძემ.

თუმცა, ”ვისოლში” განაცხადეს, რომ სასტუმრო ოქტომბრის შემდეგაც განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი დახურვა არ იგეგმება.

„მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სასტუმრო „ლომსია“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მისი დახურვა არ იგეგმება,” - განაცხადა ”ვისოლ” ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ქალაქის ცენტრში მდებარე 60- ნომრიანი სასტუმრო 150 სტუმარზეა გათვლილი. ლუქს ოთახებისა და აპარტამენტების გარდა, “ლომსია“ რამდენიმე რესტორანსაც მოიცავს. ერთადგილიანი ნომრის ფასი კი 150 ლარია.

სასტუმროს პროექტზე ქართველთან ერთად გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი მუშაობდა. მენეჯმენტს კი ფრანგი სპეციალისტი, ჟან პიერ რიშტონი უწევდა, რომელსაც დასავლეთ ევროპაში სასტუმროების ქსელის მართვისა და განვითარების 35-წლიანი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ”ლომსიაში” 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული.