ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ქარმა სახურავები დააზიანა კოსტავას გამზირზე, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, მესხიშვილის და დავით გარეჯის ქუჩებზე. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი.
ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.
მაიაკოვსკის ქუჩაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. აღნიშნულ მისამართზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლინად გადახადა და ეზოში მდგარი ავტომანქანები დაზიანდა. „ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა. ქარმა რამდენიმე მისამართზე მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძი. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.