„ფორბსის“ 2017 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა.
წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი 298-დან 367-ე პოზიციაზე დაქვეითდა.
„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ქონება დღეისათვის 4,5 მილიარდი დოლარია. გასული წლის რეიტინგში ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდი დოლარი იყო, 2015 წლის რეიტინგში კი ბიძინა ივანიშვილი 291-ე პოზიციას იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით.
„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ რჩება „მაიკროსოფთის“ თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომლის ქონება 86 მილიარდი დოლარია. მეორე პოზიციაზეა უორენ ბაფეტი - 75,6 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯეფ ბეზოსი 72,8 მილიარდი დოლარით.
საერთო ჯამში, „ფორბსის“ მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით - 2 043-მდე გაიზარდა. მათი ქონება 18%-ით გაიზარდა და ჯამში 7,67 ტრილიონი დოლარი შეადგინა.