დღეს, 15:00 საათზე ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კარავს გაშლიან და საპროტესტო აქციას გამართავენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.
ზაზა ხატიაშვილმა დაზარალებულ მოვაჭრეებთან ერთად თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, სადაც მისი თქმით, თბილისის მერიას კარვის დადგმისა და აქციის გამართვის შესახებ აფრთხილებს. ამასთან, ზაზა ხატიაშვილის თქმით, კარვის გაშლას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ნებართვა არ სჭირდება და ეს მათი მხრიდან არის კეთილი ნების გამოხატვა.
”შაბათს დაზარალებულ მოვაჭრეებს ჰქონდათ კარვის გაშლის მცდელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა მათ თავს დაესხა პოლიცია, მოპარა კარავი და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ მერიას მივმართეთ და განცხადება შევიტანეთ, რათა ქალაქის მთავრობა იყოს ინფორმირებული აქციის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებით კარვის დადგმას არანაირი ნებართვა არ სჭირდება, თუმცა ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ მერია, ასევე გავაფრთხილოთ მთავრობის ადმინისტრაცია, რომ სამშაბათს, 15:00 საათზე გაიშლება კარავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან”, - განაცხადა გუშინ ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოხდება და დაზარალებულ მოვაჭრეებს კარავს არ დაადგმევინებენ, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, შესაბამისად, ხატიაშვილის თქმით, დაიგეგმება მასშტაბური აქციები.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მოითხოვენ.