არასრულწლოვანთა 16 პროცენტი ონლაინ კაზინოებში თამაშობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უბრალო ნათქვამს არ გასცილებია. აზარტული ონლაინ თამაშების ბიზნესი კვლავ უშფოთველად განაგრძობს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩათრევას , არადა, გიორგი კვირიკაშვილი 1 წლისა და 4 თვის წინ პირობას იძლეოდა, რომ ამ განუკითხაობას წერტილს დაუსვამდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც კი წინ არ გადადგმულა, ამასობაში პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება. არასრულწლოვანთა 14-16% ინტერნეტ კაზინოების მუდმივი მომხმარებელია.

2015 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ონლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მკაცრი რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან.

"ჩვენი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების შემოღება. თუ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი შემზღუდავი მექანიზმის აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნეს აცილებული", - აცხადებდა კვირიკაშვილი.

ამ განცხადებიდან წელიწადი და ოთხი თვე გავიდა, თუმცა არავითარ რეგულაციაზე მუშაობა არ დაწყებულა. პრობლემა კი უფრო და უფრო მწვავდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში არასრულწლოვნებიც თამაშობენ. ოფიციალური სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ აკრძალვა -არასრულწლოვნები ონლაინ კაზინოში არ დაიშვებიან - მხოლოდ ფორმალურია.

სათამაშო ბიზნესი ონლაინ-სივრცეში სულ უფრო აქტიურად ინაცვლებს. ეს ბიზნესი კი კვლავ იმ კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც ინტერნეტი არ იყო ასე ადვილად ხელმისაწვდომი. ამ დროს, რაც დრო გადის, ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება ონლაინ-თამაშებში, განსაკუთრებით ახალგაზრდები და არასრულწლოვნები, რომლებიც სხვისი პირადობის მოწმობით თავისუფლად ახერხებენ ონლაინ თამაშების სივრცეში შეღწევას. დღეს ინტერეტ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, დარეგისტრირება მოხდეს ყალბი, ცრუ ან სხვა პირის მონაცემებით.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ონლაინ კაზინოები და ტოტალიზატორები დიდი საფრთხეა ქვეყნისათვის და მის დასარეგულირებლად არ არსებობს არავითარი ბარიერი, თუკი მთავრობა არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას.

"პოლიტიკოსები ძალიან ბევრ დაპირებას გასცემენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ, რომელიც არ სრულდება. ზუსტად ასეთი იყო ონლაინ თამაშების რეგულირების შესახებ დაპირება. ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალ დონეზე რომ იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საზოგადოება აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მთავრობას შეუსრულებელი დაპირებებისათვის.

რაც შეეხება ონლაინ კაზინოებს, ფაქტია, რომ რეგულაციების დაწესება აუცილებელია. პრობლემა საკმაოდ მწვავეა და დღითიდღე რთულდება ვითარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ყველაზე მზარდი და შემოსავლიანია. ამ ფონზე ჩვენ არაერთი ფაქტი გაგვიგია, რომ კონკრეტულად ონლაინ თამაშების გამო ადამიანმა დაკარგა მთელი ქონება, მოიკლა თავი და ა. შ. როცა მოქალაქე მიდის ამ მდგომარეობამდე და კარგავს ყველაფერს, ის ისევ სახელმწიფოს პრობლემა ხდება. შესაბამისად, პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა სურდეს ამ სფეროს რეგულირება.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არასრულწლოვნების საკითხია. სოციალური კვლევების მიხედვით, მოზარდთა 14-16% ჩართულია ონლაინ თამაშებში. ასაკი დაახლოებით 12 წლიდან იწყება.

პირადად მე არ ვეთანხმები სრულად აკრძალვას, თუმცა უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგულაცია. არასრულწლოვნებს არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ინტერნეტში აზარტულ თამაშებზე. ასევე კაზინოები არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში და უნდა გადაიტანონ ქალაქგარეთ. ეს მხოლოდ ხელისუფლების ნების საკითხია. ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და მწვავდება. თუ ეს რეგულაციები აამოქმედეს, მათ საზოგადოების სრული მხარდაჭერა ექნებათ", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

პედაგოგი ინგა მათეშვილი ამბობს, რომ მისი მოსწავლეების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩართულია ონლაინ თამაშებში და ამ პრობლემის მოგვარება სკოლას და ოჯახს არ შეუძლიათ, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა მკაცრი სანქციები სათამაშო ბიზნესის მიმართ.

"12 წელია, პედაგოგი ვარ და ვხედავ, როგორ მძაფრდება წლიდან წლამდე თამაშების მიმართ ცხოველი ინტერესი მოსწავლეებში. მე-9 კლასის დამრიგებელი ვარ და საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ბავშვებთან ერთად. ასაკი ძირითადად 14-15 წელია. როგორც ბიჭები, თითქმის იმავე ოდენობით გოგონები ჩართულნი არიან ონლაინ თამაშებში.

შეუძლებელია, მხოლოდ სკოლამ ან მხოლოდ ოჯახმა შეძლოს ამ პრობლემის აღმოფხვრა მოზარდებში. ინტერნეტი იმდენად ადვილად ხელმისაწვდომია, რომ თუკი სახელმწიფო არ გაატარებს მკაცრ სანქციებს და არ შეუზღუდავს მოზარდებს სათამაშო სივრცეს, მარტო ჩვენ ვერაფერს ვიზამთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ინგა მათეშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ რეგულაციები საჭიროა და ამაზე მთავრობა მუშაობს, თუმცა აზარტული ონლაინ თამაშების სრულად კანონის ფარგლებში მოქცევა შეუძლებელია და ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ახერხებს. 

"კარგია, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ იღებს და ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ უნდა დარეგულირდეს ონლაინ სათამაშო ბიზნესი ისე, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს და არც ბიზნესმენები. როგორც ვიცი, მთავრობა მუშაობს ამ კუთხით და გარკვეული კვლევები და მონახაზი არსებობს კიდეც.

აუცილებელია, დავიცვათ მომავალი თაობა და რეგულირების ძირითადი ნაწილი სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ონლაინ თამაშების ბიზნესის სრულ რეგულირებას და კანონის ფარგლებში მოქცევას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"