საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება.
როგორც დეპარტამენტი იუწყება, გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებლად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ.
”ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას. კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს საფარს, სამუშაოები ხორციელდება გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად. აღნიშნულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად მომხდარიყო მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა”, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებლად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.